თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - თურქეთი უზრუნველყოფს სირიის მოსახლეობის, მათ შორის ქურთების სიცოცხლის უსაფრთხოებას
თურქეთი იღებს პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოს სირიის მოსახლეობის, მათ შორის ქურთების სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთის კონტრტერორისტული ოპერაციები ქურთების უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ისახავდა მიზნად. ერდოღანის მრჩევლის განცხადებით, ბოლტონთან მოლაპარაკების მთავარი საკითხები სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლა, ამერიკული შეიარაღება და ბაზები იყო.
„თურქეთი ტერორისტულ ჯგუფებთან და მათ შორის, ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებთან ბრძოლას გააგრძელებს. თურქეთი ელოდება, რომ აშშ ტერორისტებისთვის მიცემულ შეიარაღებას დაიბრუნებს. არავინ უნდა ელოდოს, რომ თურქეთი ტერორისტულ ჯგუფებს გარანტიებს მისცემს ან მათ ლეგიტიმაციას მოახდენს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების ჰუმანიტარული დანაშაულის დამადასტურებელი მასალები გადავეცით. სირიელი ქურთები და ქურთული სამხედრო ჯგუფები ერთი და იგივე არ არის. თურქეთის მთავარი მოლოდინი ქურთული სამხედრო ჯგუფებისთვის მიცემული შეიარაღების ნეიტრალიზებაა“ – აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.