თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე შეფასდება თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდის კონტექსტში გადადგმული ნაბიჯები და ალიანსის ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის სფეროში

18:29, 05.07.2026

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მთავარი თემები გახდა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი ავრცელებს.

ნატო-ს სამიტზე შეფასდება თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდის კონტექსტში გადადგმული ნაბიჯები და ალიანსის ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის სფეროში.

გარდა ამისა, ლიდერები სტრატეგიულ დონეზე გაცვლიან მოსაზრებებს ევროატლანტიკური რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე; განიხილება უკრაინაში არსებული ვითარება და ალიანსის სამხრეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

სამიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ემინე ერდოღანი 7 ივლისს, პრეზიდენტის სასახლეში მიღებასა და ვახშამზე უმასპინძლებენ სტუმრად მყოფ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს და მათ მეუღლეებს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო 8 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტის მასპინძლობით, მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე შეიკრიბება.

სამიტისთვის მოსამზადებლად, 30 ივნისს, ბრიუსელში, ალიანსის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს მომავალი სამიტის საბოლოო დეკლარაციის პროექტი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ფხიზლად უნდა იყოს და მზად იყოს კიევის მხრიდან პროვოკაციებისთვის თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე.

 

მსგავსი