თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და თურქეთის პირველი პირის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თურქეთის ტყის ხანძრების დროს საქართველოს მიერ გამოხატული სოლიდარობისთვის. ამავე განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივად იმუშავებენ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე, რეგიონში ახლად აღმოცენებული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.