სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა
სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და სტიქიასთან ბრძოლაში გამძლეობა და წარმატება უსურვა.

„თურქეთის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაა და ეს დიდი მეგობრობა საქართველომ განსაცდელის ჟამს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, მათ განვითარებაზე და იმ შესაძლებლობების გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს, რომლებიც არსებობს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ახლო მომავალში დაიძლევა კორონავირუსის პანდემია და შეუფერხებლად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება.