მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაო ფანგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები, რაც დამატებითი სავაჭრო არხების შექმნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
„ამ მიმართულებით პოტენციურ პროდუქტებს შორის დასახელდა ქართული ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, წვენები და საკონსერვო პროდუქცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.