მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები
ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრთან, ტინგ სიუესიანგსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.
„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებთანაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობა. გვაქვს ძალიან აქტიური დინამიკა ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, გვაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. სავაჭრო მისიაში.
„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესკავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.