თურქეთის პრეზიდენტი - ერ-რიადმა უნდა დაამტკიცოს, რომ გაუჩინარებულმა ჟურნალისტმა საკონსულო დატოვა
თურქეთის პრეზიდენტი - ერ-რიადმა უნდა დაამტკიცოს, რომ გაუჩინარებულმა ჟურნალისტმა საკონსულო დატოვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ერ-რიადმა უნდა დაამტკიცოს, რომ არაბმა ჟურნალისტმა სტამბოლში მდებარე საკონსულო დატოვა.

ერდოღანი ითხოვს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯამალ ხაშოგის ფოტოები წარმოადგინოს. ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მაღალჩინოსნები თავს ვერ დაიძვრენენ მხოლოდ იმის თქმით, რომ მან საკონსულო დატოვა. კომპეტენტურმა ხელისუფლებამ ეს უნდა დაამტკიცოს. თუ ის მართლაც წავიდა, უნდა წარმოადგინოთ ფოტოები“, – განაცხადა ერდოღანმა.

არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობით, მანამდე ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, რათა დოკუმენტები გაეფორმებინა. მისი საცოლე საკონსულოში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტმა შენობა უკვე წავიდა.

მომხდართან დაკავშირებით, საუდის არაბეთის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში რამდენჯერმე დაიბარეს. ჯამალ ხაშოგი ცნობილია საუდის არაბეთის ხელისუფლების წევრების მკაცრი კრიტიკით. ის სტატიებს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ წერს.