თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმებს სირიაზე სწორ ნაბიჯად აფასებს
თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმებს სირიაზე სწორ ნაბიჯად აფასებს

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმებს სირიაზე სწორ ნაბიჯად აფასებს.

თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“წარმოუდგენელია, ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული ქიმიური თავდასხმების უპასუხოდ დატოვება. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაციას გამართლებულად და სწორად მივიჩნევთ”, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია იყო გზავნილი სირიის ხელისუფლებისადმი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, მან სირიაზე განხორციელებული დარტყმები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ტელეფონით განიხილა და მალე ამავე თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს დაელაპარაკება. თურქეთის ლიდერის თქმით, ტერეზა მეისთან საუბრისას მან თურქულ-რუსული ურთიერთობები განიხილა.

ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროა, ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მშვიდობიან მიმართულებას.

როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, ის უახლოესი ორი დღის განმავლობაში ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.