თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები
თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები

საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები, რაც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. როგორც უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ წერს, ამის შესახებ ანკარაში თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„უსაფრთხოების კუთხით შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები მსგავსი პრობლემების წინაშე არიან. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, უნდა შეუერთდნენ ნატო-ს“, – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელეშკანუმ.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით თავისი ქმედებებით შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონში ნატო-ს ყოფნას“, – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმაც გამოუცხადა.

„ჩვენ განსაკუთრებით ვისწრაფით ამ რეგიონის ქვეყნების დახმარებას. უკრაინა ერთ-ერთი მათგანია. ასევე მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ნატო-ში“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.