თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში 59 პირი, მათ შორის მერსინის პროვინციის მერი, იენიშეჰირის და მეზითლის მუნიციპალიტეტების მერები დააკავა

16:11, 01.10.2026

თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში 59 ადამიანი, მათ შორის მერსინის პროვინციის მერი ვაჰაპ სეჩერი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“, ასევე, იენიშეჰირის მუნიციპალიტეტის მერი აბდულა ოზიიგიტი და მეზითლის მუნიციპალიტეტის მერი აჰმედ სერკან თუნჯერი დააკავა.

ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მათ სახელმწიფო ტენდერების ჩატარებისას თაღლითობაში ედებათ ბრალი.

მერსინის მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამივე შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ 1.4 მილიარდ თურქულ ლირას გადააჭარბა.

გარდა ამისა, მეზითლის მუნიციპალიტეტის მერის აჰმედ სერკან თუნჯერის წინააღმდეგ, კორუფციის საქმესთან ერთად, კიდევ ერთი, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. თუნჯერის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია „შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის“. მას ბრალად ედება შეიარაღებული თავდასხმები იმ ადამიანების ბიზნესებზე, რომლებთანაც კონფლიქტი ჰქონდა. მედიის ცნობით, თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო „ახალი პარტიის“ რეგიონული ოფისის შენობა და ერთ-ერთი მედიის ოფისი. ათობით მერი, მათ შორის სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება, კორუფციის გამოძიების ფარგლებში სასამართლო პროცესის მოლოდინში, ციხეში იმყოფება.

ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მსგავსი