თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) დაშლის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივ დაცვას იმ ყოფილი მებრძოლებისთვის, რომლებსაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენიათ და ხელს უწყობს PKK-ს წევრობისთვის მსჯავრდებული ზოგიერთი პირის სასჯელის შეჩერებას, რაც მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზას ხსნის. კანონს 600-ადგილიან პარლამენტში 468-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ კანონის მიღების პროცესს სათავე 2025 წლის თებერვალში დაედო, როდესაც პატიმრობაში მყოფმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა ორგანიზაციას განიარაღებისა და დაშლისკენ მოუწოდა.
2025 წლის მაისში PKK-მ განაცხადა, რომ შეიარაღებულ ბრძოლას დაასრულებდა და დაიშლებოდა. ორი თვის შემდეგ ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე ორგანიზაციის წევრთა ჯგუფმა იარაღი სიმბოლურად დაწვა.
ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტია“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული თურქეთის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ, შეიარაღებულ ამბოხებას 1984 წელს შეუდგა. კონფლიქტს 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მან მძიმე ეკონომიკური ტვირთი დააკისრა თურქეთს და ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური და სოციალური დაყოფა გააღრმავა.