თურქეთის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [ფოტო] #1TVSPORT
თურქეთის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [ფოტო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში თურქეთი-ბელგიის მატჩისას ქართველი ქომაგები ბელგიელებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ. ამის ობიექტური მიზეზიც ჰქონდათ, რადგან თურქეთის დამარცხების შემთხვევაში იყო დიდი ალბათობა, ეს გუნდი ჯგუფიდან ვერ გასულიყო, რაც საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში გასვლას კიდევ უფრო გაუიოლებდა.

თუმცა, თურქეთის ნაკრებმა პირველივე წუთებზე მოიპოვა უპირატესობა და მისი შენარჩუნება ბოლო წამებამდე მოახერხა. თავის მხრივ, ბელგიელები ბევრს ცდილობდნენ, 19-ქულიანი სხვაობა 7-მდე შეამცირეს, თუმცა შეტევაში ისეთივე ეფექტურები ვერ იყვნენ, როგორც საქართველოს ნაკრებთან. თუ ჩვენთან ბელგიამ 13 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად პერიმეტრიდან მხოლოდ 7 ტყორცნა გამოიყენა.

საბოლოოდ – 77:61 თურქეთის სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ალფერინ შენგუნი გახდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, 16 ქულა ჰქონდა ფურქან ქორქმაზს, ხოლო ერქან ოსმანიმ 12 ქულას მოუყარა თავი. ბელგიიდან ჰარის ბარატანოვიჩი გამოირჩა – 15 ქულა.