თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, „ზანგეზურის დერეფანს“ „თურანის გზა“ ეწოდოს
თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, „ზანგეზურის დერეფანს“ „თურანის გზა“ ეწოდოს

თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ (MHP) ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პარტიული ჯგუფის სხდომაზე „ზანგეზურის დერეფნის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოვიდა ინიციატივით, ამ მარშრუტს „თურანის გზა“ ეწოდოს.

„ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ „ზანგეზურის ხაზს“, რომელიც თურქული სამყაროსთვის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სტრატეგიულ კავშირს წარმოადგენს. ეს არის ისტორიული გასასვლელი, რომელიც გააძლიერებს ნახიჩევანის კავშირს აზერბაიჯანთან და მოძმე ქვეყნის, აზერბაიჯანის გავლით თურქეთს დააკავშირებს კასპიის ზღვასთან და შემდეგ თურქესტანთან“, – განაცხადა ბაჰჩელმა.

მისივე თქმით, „ამ გზას „ზანგეზური“ ვუწოდეთ, მაგრამ მოდით, სწორი სახელით მოვიხსენიოთ – ეს არის ტურანის დერეფანი“.

„თურანის დერეფანი არის ისტორიული და კულტურული კარი მომავლისკენ, რომელიც ყარსიდან თურქესტანის სტეპებამდე იქნება გადაჭიმული. როდესაც ეს კარი გაიხსნება, საუკუნეების განმავლობაში გულებში შენახული გაერთიანების იდეალი ფორმას შეიძენს, ანატოლიასა და თურქესტანს შორის აღმართული ბარიერები დაინგრევა და თურანის ჰორიზონტი უფრო მკაფიო, ახლო და ძლიერი გახდება“, – აღნიშნა ბაჰჩელმა.

მისივე თქმით, ეს თურქეთისთვის სტრატეგიული შესაძლებლობაა.

„იმ დროს, როდესაც გლობალური სავაჭრო მარშრუტები თავიდან ფორმირდება, ჩრდილოეთის გზა ომისა და სანქციების გამო სუსტდება, ხოლო სამხრეთის საზღვაო გზები ჰორმუზის სრუტიდან წითელ ზღვამდე კრიზისების მძევლად იქცა, თურანის დერეფნის გახსნა ჩვენი რეგიონისა და თურქეთისთვის სტრატეგიული შესაძლებლობაა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, სომხეთმა გულწრფელად უნდა ჩაერთოს თანამშრომლობის პროცესში.

„ერევანი გონს თუ მოეგება და გულწრფელად ჩაერთვება რეგიონულ თანამშრომლობაში, თურანის დერეფანი შეიძლება, გახდეს ეკონომიკური იზოლაციიდან გამოსავალი არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ თავად სომხეთისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი წარსულში დაკარგულ ოცნებებზე მიჯაჭვულობით ხვალინდელ შესაძლებლობებს ხელიდან გაუშვებს“, – ამბობს ბაჰჩელი.

ცნობისთვის, დევლეთ ბაჰჩელი არის თურქი ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი, რომლის პარტიაც თურქეთის მმართველ კოალიციაში შედის და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირეა.