თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, სირიის საზღვრისპირა ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს
თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, სირიის საზღვრისპირა ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს

თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, სირიის საზღვრისპირა ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, თურქეთის ძალებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყეს. როგორც სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, სირიის ქალაქები რას-ალ-აინი და თელ-აბიადი ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა.

სირიელი ქურთების გაერთიანების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მონაცემებით, თურქეთის საჰაერო დარტყმებს უკვე ემსხვერპლა ხუთი სამოქალაქო პირი და სამი ქურთი მებრძოლი, ასევე დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მცხოვრები.

სირიელი ქურთები, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ, წლების განმავლობაში ქვეყანაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეები იყვნენ. ქურთმა მებრძოლებმა ტერიტორიების „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებაში წამყვანი როლი შეასრულეს.

თურქეთის პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებს, რომლის მიზანიც „უსაფრთხოების ზონის“ შექმნაა, სადაც ორი მილიონი სირიელი ლტოლვილის განსახლება იგეგმება.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანა დაიწყო, რასაც ვაშინგტონში ტრამპის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ქურთა წარმომადგენლებმა ტრამპის გადაწყვეტილებას „ზურგში დარტყმა“ უწოდეს. აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, რომ ქურთების მხარდაჭერაზე უარი თქმა ტრამპის პრეზიდენტობის უდიდესი შეცდომა იქნება.