თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ფეთჰულა გიულენი მიმდევრებს „პარალელური სახელმწიფოს“ შექმნისკენ მოუწოდებდა
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ფეთჰულა გიულენი მიმდევრებს „პარალელური სახელმწიფოს“ შექმნისკენ მოუწოდებდა

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ფეთჰულა გიულენი მიმდევრებს თურქეთში „პარალელური სახელმწიფოს“ შექმნისკენ მოუწოდებდა.

სააგენტო „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციის სავარაუდო წევრის ბინაში აუდიოჩანაწერი აღმოაჩინა, სადაც მქადაგებელი თავის მიმდევრებს მოუწოდებს, რომ თურქეთის სახელმწიფო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავონ. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გიულენის მიზანი „სახელმწიფოში სახელმწიფოს“ შექმნა იყო, რაც ლეგიტიმური ხელისუფლების ძირის გამოთხრას ნიშნავდა.

თურქული მედიის ცნობით, პირი, რომლის ბინაშიც აუდიოჩანაწერი აღმოაჩინეს, საბერძნეთში ცდილობდა გადასვლას.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას ადანაშაულებს. თავად გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ბრალდებებს უარყოფს.