თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 295 სამხედრო მოსამსახურე დააკავა
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 295 სამხედრო მოსამსახურე დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 295 სამხედრო მოსამსახურის დაკავების განკარგულება გასცა.

როიტერსის“ ცნობით, მათგან სამი პოლკოვნიკი, რვა მაიორი და ათი ლეიტენანტია. დაკავებულები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები არიან.

პროკურორის განმარტებით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია ადგილობრივი დროით 01:00 საათზე დაიწყო. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ეჭვმიტანილებზე სატელეფონო საუბრების მოსმენის და გაშიფვრის შედეგად გავიდნენ. ჯერ უცნობია, ამ დრომდე რამდენი ეჭვმიტანილი დააკავა პოლიციამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს, რა დროსაც ერთი ღამის განმავლობაში არეულობას 250 ადამიანი შეეწირა.

პუტჩის მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მასშტაბური რეპრესიები დაიწყო. მას შემდეგ სამართალდამცველებმა 77 ათასი ადამიანი დააკავეს, 150 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ოფიციალური ანკარის ქმედებას დასავლეთი ხშირად აკრიტიკებდა. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებით, თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობას რეპრესიებისთვის იყენებდა. ოფიციალური ანკარას განმარტებით კი მსგავსი ზომების მიღება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელია.

დატოვე კომენტარი