თურქეთის გენშტაბი - აფრინში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 557 ტერორისტია ლიკვიდირებული
თურქეთის გენშტაბი - აფრინში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 557 ტერორისტია ლიკვიდირებული

თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, აფრინის რეგიონში ოპერაციის ფარგლებში, კვირას კიდევ 73 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს. მთლიანობაში, ოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციების 557 წევრია ლიკვიდირებული, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის გენერალურ შტაბში გააკეთეს.

„ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, თურქეთის საჰაერო ძალებმა იერიში 20 სხვადასხვა ობიექტზე მიიტანეს. ოპერაციაში 13 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებიც დაუზიანებლები დაბრუნდნენ ავიაბაზაზე. მსუბუქად დაშავდა ორი თურქი სამხედრო“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ.

დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.

ამავე თემაზე თეთრი სახლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა აფრინში მზარდი ძალადობის გამო.