თურქეთის ელჩი - სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ტერორისტული საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება
თურქეთის ელჩი - სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ტერორისტული საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ტერორისტული საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში დაცული იქნება სირიის ტერიტორიული მთლიანობა. თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში თურქეთი ებრძვის არა ქურთებს, არამედ ტერორისტებს.

„ოპერაცია ხორციელდება თავდაცვის უფლების შესახებ გაერო-ს ქარტიის თანახმად. ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაიკავა არამხოლოდ ის ადგილები, სადაც ქურთები ცხოვრობენ, არამედ სხვა ეთნიკური ჯგუფების განსახლების ადგილებიც და ჩამოაყალიბა ტერორისტული სტრუქტურები“, – აღნიშნა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

მისივე თქმით, სამხედრო ოპერაცია ტარდება კონფლიქტის დასასრულებლად, რადგან აშშ-მა ეს დამოუკიდებლად ვერ მოახერხა.

„არ ვიცით, რამდენად დაეხმარება 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნა ამ პროცესს და ამ კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობა. ჩვენი მინისტრები საუბრობენ ამ საკითხებზე და თუ ეს ფაქტორი რეგულირებას არ დაეხმარება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა პირველი არხის შეკითხვაზე სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ელჩმა ასევე თქვა, რომ თურქეთი ვალდებულია, დაიცვას თავისი უსაფრთხოება.