თურქეთის ელჩი იმედოვნებს, რომ სასაზღვრო რეგულაციებზე ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
თურქეთის ელჩი იმედოვნებს, რომ სასაზღვრო რეგულაციებზე ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი იმედს გამოთქვამს, რომ სასაზღვრო რეგულაციებთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციები, როგორც თურქეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებით დასრულდება. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით ორმხრივი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, კონსულტაციები ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებით დასრულდება“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ზურაბ პატარაძემ შეხვედრაზე ორივე ქვეყნისთვის გამართული სასაზღვრო პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. ვიმედოვნებ, თურქეთის შს მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება, საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით საბოლოოდ, ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი იქნება მიღწეული“, – განაცხადა პატარაძემ.

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანხმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება. საქართველოს მოქალაქეებს  180-დღიანი პერიოდის განმავლობაში,  თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ. ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალქეებმა გააპროტესტეს, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ.  საქართველოსა და თურქეთის შს მინისტრების სატელეფონო საუბრისას გადაწყდა, რომ საკითხზე კონსულტაციები შედგება, კონსულტაციების დასრულებამდე კი, ახალი რეგულაცია არ ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი