თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას, ვიდრე ველოდით
თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას, ვიდრე ველოდით

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას, ვიდრე ველოდით, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობა სწორი მეთოდით ხდება.

„კორონავირუსის მეორე ტალღა, პირველთან შედარებით, ძლიერი აღმოჩნდა როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა. რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს მოქალაქეებს მოუწოდოს, დარჩნენ სახლში. ეს არის პრენევენცია ვირუსის შესაკავებლად. ისევე როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში უმთავრესია, არ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა და სიტუაცია კონტროლირებადი იყოს.

საქართველოში ხდება სწორი მეთოდით მკურნალობა. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას, ვიდრე ველოდით. სამწუხაროდ, გავრცელება საქართველოშიც მაღალია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს და ქართველი ექიმების ძალისხმევით ხდება ინფიცირებულების მკურნალობა და არსებულ ეპიდვითარებასთან გამკლავება“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ელჩმა შეზღუდვების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო ხდება კარანტინის შემოღება და სხვადასხვა შეზღუდვა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვება ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში ფულზე საუბარი ზედმეტია. ვისურვებდი მალე დასრულებულიყოს ეს პანდემია“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.