თურქეთის ელჩი - არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც კრიზისიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ, ჩვენი ორივე ქვეყნის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ მიიღოს კანონიერზე მეტი სარგებელი
თურქეთის ელჩი - არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც კრიზისიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ, ჩვენი ორივე ქვეყნის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ მიიღოს კანონიერზე მეტი სარგებელი

არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც კრიზისიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ და ჩვენი ორივე ქვეყნის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ მიიღოს კანონოერზე მეტი სარგებელი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ელჩის თქმით, მზადდება უფრო მეტი ტვირთები სარკინიგზო მარშრუტისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისთვის, რომელიც საბედნიეროდ არსებობს.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ გზას უფრო მეტი დატვირთვით გამოვიყენებთ. განვიხილავთ, როგორ არის შესაძლებელი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება ისე, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს. ასევე ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ერთობლივი ბიზნესი, ინვესტიციები არ დაზარალდეს ამ კრიზისის შედეგად. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც ამ კრიზისიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ და ჩვენი ორივე ქვეყნის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ მიიღოს იმაზე მეტი სარგებელი, რაც კანონიერად არის დასაშვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიხარბე უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, თურქული კომპანიების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ცხოვრობენ, საქმიანობენ, მუშაობენ საქართველოში იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ამას თურქეთში აკეთებენ.

„ამიტომ ისინი ჩართული არიან ადგილობრივ ზომებში და საკუთარი წვლილი შეაქვთ. ორმა მსხვილმა თურქულმა კომპანიამ 700 ათას ლარზე მეტი შეიტანა ფონდში. თურქმა ინვესტორმა ნატახტარში წამოიწყო კამპანია, რომელიც მიმართულია დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. ასე რომ, ამგვარი სოლიდარობის კამპანიები დაწყებულია. ჩვენ წვლილს შევიტანთ მუნიციპალიტეტების დახმარების პროგრამებში იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასე რომ, ეს არის საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი სამეზობლო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტრანსპორტი მუშაობდეს. ბათუმის და ფოთის პორტები მუშაობას განაგრძობენ, სარფის, წითელი ხიდის გადასასვლელები მუშაობს. სხვათა შორის, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მისვლას ვგეგმავ, რათა ვნახო თურქული სატვირთო მანქანები და პირადად მოვუსმინო მძღოლებს. შესაძლოა, ეს ხვალ გავაკეთო“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.