თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე - თურქეთი კვლავაც განაგრძობს მშვიდობის დაცვას, ყოველთვის მხარს ვუჭერთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, სამართლიანობას
ისრაელმა დაიწყო თავდასხმა ირანზე. ის ცდილობს, ღაზა საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოიღოს და ამ მხრივ რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს, – ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუმან ქურთულმუშმა განაცხადა.
რუმან ქურთულმუშის თქმით, თურქეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პრობლემის გადაწყვეტას მშვიდობიანად, დიალოგით და დიპლომატიის მეშვეობით.
„ამ დესტაბილიზაციას მუდმივი ხასიათი მისცეს. ეს არის ძალიან საშიში. ჩვენ გვსურს, გამოვხატოთ, რომ ყველა პარტიას აქვს სამშვიდობო პერსპექტივა, მაგალითად, კავკასიაში ყველა პარტია მშვიდობაზე საუბრობს. მაგალითად, ირანს უნდოდა თანამშრომლობა, მოლაპარაკებები საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან, რუსეთთან და უკრაინასთანაც მოლაპარაკებები დაიწყო მშვიდობისკენ და ამ გარემოში, უცბად ისრაელმა შეცვალა თავისი დღის წესრიგი, დაიწყო აქტიური ძალისხმევა, რომ ამ რეგიონში მშვიდობა გახდეს შეუძლებელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის კარგი გზა და ჩვენ ვგმობთ ამ მიმართულებას. ფაქტობრივად, ეს მთელ მსოფლიოს თავს ახვევს სირთულეებს, ტურბულენტურობას, ცეცხლში ხვევს. როგორც თურქეთი, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრობლემის გადაწყვეტას მშვიდობიანად, დიალოგით, დიპლომატიის მეშვეობით. ამ გეოგრაფიულ არეალში, მსოფლიოს ამ ნაწილში ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ვცადოთ, რათა იყოს მოლაპარაკებები, მშვიდობა. ისრაელი ცდილობს ხოცვა-ჟლეტვით, სისხლისღვრით, ომით პრობლემების გადაჭრას, ამიტომ ისრაელის მთავრობა არის საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისათვის. იმისათვის, რომ დავაბრუნოთ მშვიდობა, მოვუწოდებთ ყველას, თუ აქვთ მშვიდობის მარცვალი მაინც თავის გულში, თავის სულში, ეს ომი შეწყდეს, შეწყდეს აგრესია ისრაელის მხრიდან, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება და მსოფლიო უფრო დიდ და მასშტაბურ კონფლიქტებსა და ომში არ გადავა“, – განაცხადა რუმან ქურთულმუშმა.
მისივე განმარტებით, თურქეთი კვლავაც განაგრძობს მშვიდობის დაცვას.
„მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ხოცვა-ჟლეტვა, ეს აგრესია ისრაელიდან. როგორც თურქეთი, ჩვენ განვაგრძობთ კვლავაც მშვიდობის დაცვას, ყოველთვის მხარს ვუჭერთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, სამართლიანობას და კვლავაც გავაგრძელებთ ასე სამომავლოდ. ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ რეგიონის ამ ნაწილში, ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, სადაც გარშემო კონფლიქტებია, ჩვენთვის სავალდებულოა, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობა, გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები ერთიანობით, სოლიდარობით და ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე, ამ გარემოებების გათვალისწინებით.
თურქეთმა წამოიწყო ინიციატივა – ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთი, გვინდა, კვლავაც განვავითაროთ ეს ინიციატივა, ავამაღლოთ დემოკრატიული სტანდარტები ქვეყანაში. გვინდა, თურქეთი ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა, თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს თანასწორად. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას ამისთვის. ძალიან მალე ერთობლივი კომიტეტი გვექნება ჩვენს პარლამენტში, სადაც იქნებიან ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და გვსურს, ამ პროცესმა დადებითი შედეგი გამოიღოს, რომ არ იყოს არანაირი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, მრავალფეროვნება არასოდეს იყოს მიზეზი კონფლიქტისა. ასე რომ, ჩვენ საუკეთესოს და მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს დიდ ეროვნულ კრებაში, თურქეთში გვაქვს მიზანი ამგვარი თანამშრომლობის, გამჭვირვალედ განვახორციელებთ, ყველას მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს სურვილს და იმედს, რომ ეს პროცესი დასრულდება დადებითად და ყველა პარლამენტში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგებამდე მივიდეთ. ჩვენს რეგიონშიც გვსურს, დავინახოთ, რომ აგრესია ისრაელის მხრიდან დასრულდება და ყველა ქვეყანა ესაუბრება ერთმანეთს, რათა გადაწყდეს პრობლემები მეგობრულად, მშვიდობიანად. მოგეხსენებათ, ტურბულენტურ, რთულ დროში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი დგას დიდი კონფლიქტების წინაშე. ყოველდღიურად ხედავთ, მაგალითად, ჩრდილოეთით რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომი, რომელმაც, სამწუხაროდ, ნახევარი მილიონი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, მაგრამ ზოგიერთებს მაინც არ სურთ ამ ომის შეჩერება. მეორე მხარეს ხედავთ, რომ ისრაელი, ფაქტობრივად, აწარმოებს ჟლეტვას, დევნას ღაზაში და არა მხოლოდ ღაზაში, არამედ სხვა ნაწილებშიც. ნეთანიაჰუ და მისი ბანდა ახლა ავრცელებენ ამ ომს, რათა თავისი დანაშაულები გადაფარონ“, – განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუმან ქურთულმუშმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.