თურქეთის ციხიდან გერმანიის კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს
თურქეთის ციხიდან გერმანიის კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

თურქეთის ციხიდან გერმანიის კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მოქალაქემ რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, თუმცა ჯერ ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

გასულ კვირას, თურქეთსა და გერმანიას შორის, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, თურქეთის ხელისუფლებამ, თურქი წარმოშობის, გერმანელი ჟურნალისტი, დენიზ იუჯელი გაათავისუფლა. მას ტერორიზმის პროპაგანდისა და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და 2017 წლის 14 თებერვალს დაკავებიდან, პატიმრობაში იმყოფებოდა.

იუჯელს თურქეთის პრეზიდენტი, ჯაშუშობაში ადანაშაულებდა და აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აგენტად მოიხსენიებდა.

დ​ღეისათვის თურქეთის ციხეში, გერმანიის კიდევ ოთხი მოქალაქე რჩება.