თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახველი კამპანია მიმდინარეობდა და თანამდებობა დატოვა
თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახველი კამპანია მიმდინარეობდა და თანამდებობა დატოვა

თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ჰაფიზე გაიე ერკანმა თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახველი კამპანია მიმდინარეობდა.

როგორც ერკანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ცოტა ხნის წინ მის წინააღმდეგ ორგანიზებული იყო რეპუტაციის შელახვის მასშტაბური კამპანია. მისი თქმით, ის გადადგა, რათა ამ პროცესმა გავლენა არ იქონიოს მის ოჯახსა და, განსაკუთრებით კი, მცირეწლოვან შვილზე.

ერკანის გადადგომას წინ უძღოდა თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ცენტრალურ ბანკში მამამისი არაფორმალურ უფლებამოსილებას ფლობს და ერთ-ერთი თანამშრომელიც კი გაათავისუფლა. ერკანმა აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.

Goldman Sachs-ის ყოფილი ბანკირი ჰაფიზე გაიე ერკანი, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის ივნისში დაინიშნა, თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირველი ქალი გახდა. მისი ხელმძღვანელობის დროს ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციასთან გამკლავების მიზნით, საპროცენტო განაკვეთი 8,5-დან 45%-მდე გაზარდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ფათიჰ კარაჰანი დაასახელა, რომელიც მანამდე ერკანის მოადგილედ მუშაობდა. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალური ბანკის მეექვსე ხელმძღვანელი იქნება.