თურქეთის არმიამ სირიაში ჯავშანტექნიკა და ზალპური ცეცხლის სისტემები გადაისროლა
თურქეთის არმიამ სირიაში ჯავშანტექნიკა და ზალპური ცეცხლის სისტემები გადაისროლა

თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო კოლონამ სირიის საზღვარი ორ სასაზღვრო პუნქტზე გადაკვეთა და სირიის ქალაქების, ტელ-რიფაატისა და მანბიჯის მიმართულებით გადაადგილდება.

სამხედრო კოლონის შემადგენლობაშია: თვითმავალი ჰაუბიცები, ტანკები, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მანქანები, ბულდოზერები და სატვირთო ავტომობილები.

თურქეთმა სირიაში ქურთული სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. მარტში თურქეთმა აფრინის რეგიონის დაკავების შესახებ განაცხადა, მაგრამ თურქი სამხედროები ამ დრომდე აფრინში იმყოფებიან.

პარალელურად, მიმდინარე თვეში თურქეთმა და აშშ-მა სირიის ქალაქ მანბიჯზე მიაღწიეს შეთანხმებას, რაც ქალაქიდან ქურთული სამხედრო ჯგუფების გასვლას ითვალისწინებს.

ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს და სასაზღვრო ზონაში ქურთების ყოფნას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.