თურქეთის ახალმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
თურქეთის ახალმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ახლო მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მაღალი დონე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და რეგიონალურ პროექტებში თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამაგალითო მეგობრობა. მან ასევე გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორი ქვეყნის ურთიერთქმედებას თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში.