თურქეთიდან გაძევებულ ისრაელის ელჩს სტამბოლის აეროპორტში შემოწმებისას, ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს
თურქეთიდან გაძევებულ ისრაელის ელჩს სტამბოლის აეროპორტში შემოწმებისას, ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს

ისრაელის გაძევებულ დიპლომატს სტამბოლის აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების დროს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის მედიის ცნობით, ელჩ ეითან ნაეჰის უსაფრთხოების შემოწმების გავლის დროს აეროპორტში პრესის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ მიწვეული. „ეს იყო ისრაელის ელჩის მიზანმიმართული დამცირება კამერების წინ. პრესა სპეციალურად იყო მოწვეული თურქეთის მთავრობის მიერ“ – აცხადებენ ისრაელში.

ისრაელის მედია წერს, რომ დიპლომატს ასევე გაატარეს შემოწმება ასაფეთქებელი მოწყობილობის ანაბეჭდებზე. ინციდენტთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი გამოიძახეს.

თურქეთმა ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვებისკენ ღაზას სექტორში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო მოუწოდა. ანკარა თელ-ავივს პალესტინელების გენოციდში ადანაშაულებს.