თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დახურვის გადაწყვეტილებას მიესალმება
თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დახურვის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მივესალმებით ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს მიერ 2025 წლის პირველ სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დახურვისა და მისი სტრუქტურების დაშლის შესახებ. ეს ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელი გახდა ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი თხოვნის საფუძველზე, ეუთო-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. მინსკის პროცესის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის შესახებ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი სამშვიდობო დეკლარაციას.