თურქეთი ლიბიაში სირიის ოპოზიციური ძალების რვა ათასზე მეტ მებრძოლს გზავნის
თურქეთი ლიბიაში სირიის ოპოზიციური ძალების რვა ათასზე მეტ მებრძოლს გზავნის

თურქეთი ლიბიაში სირიის ოპოზიციური ძალების რვა ათასზე მეტ მებრძოლს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის ტელეკომპანია „ალ ჰადათი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ტრიპოლიში განთავსებული საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად, თურქეთმა 120 მებრძოლისგან შემდგარი დაჯგუფება ლიბიაში უკვე განათავსა. ჯარისკაცების ჩასაწერად ოთხი ცენტრი აფრინში, ერ-რაისსა და ახტარინშია გახსნილი. სირიის ჩრდილოეთში აღნიშნულ ტერიტორიებს თურქეთი და მისი მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.

„ალ-ჰადათის“ ინფორმაციით, მებრძოლების შერჩევაში „სულთან მურადის“ ბრიგადა მონაწილეობს, რომელიც სირიაში მცხოვრები ეთნიკური თურქმენებისგან არის დაკომპლექტებული. თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პარლამენტს ლიბიაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით განსახილველად მთავრობის მანდატს გაუგზავნის.

ლიბიამ და თურქეთმა თანამშრომლობის ხელშეკრულება 28 ნოემბერს გააფორმეს. ლიბიის ხელისუფლებას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი ებრძვის. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.