თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში 1-2 სექტემბერს სამხედრო წვრთნას ჩაატარებს
თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში 1-2 სექტემბერს სამხედრო წვრთნას ჩაატარებს

თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. სამხედრო საზღვაო სწავლება 1-2 სექტემბერს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საფრანგეთმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში იტალიის, საბერძნეთისა და კვიპროსის ერთობლივ სამხედრო წვრთნას უერთდება. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ განაცხადა, კვიპროსში საფრანგეთის სამხედრო ავიაციის განთავსება კუნძულის კონტროლისა და ადმინისტრირების შესახებ შეთანხმებებს არღვევს. აქსოის განცხადებით, საფრანგეთის პოზიცია რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს.

ხმელთაშუა ზღვის სადავო ნაწილის გამო, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე კვირაა, უკიდურესად დაძაბულია.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიას უკავშირდება. თურქეთმა სადავო წყლებში  ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო. ათენმა ეს ნაბიჯი დაგმო, როგორც უკანონო და დახმარება ევროკავშირისგან მოითხოვა.