თურქეთი ირანს ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, მანქანებს და მაშველებს უგზავნის
თურქეთი ირანს ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, მანქანებს და მაშველებს უგზავნის

ირანის თხოვნის საფუძველზე თურქეთი ირანს ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, ექვს მანქანას და 32 მაშველს უგზავნის, – ამის შესახებ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ირანმა მოითხოვა ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი თურქეთიდან. სტიქიების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვანისა და ერზრუმის ფილიალების 32 მაშველი და ექვსი მანქანა მიემართება ტერიტორიისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში 15 მაშველი ანკარადან, დიარბაკიდან და კონიადან ასევე მზადყოფნაში არიან.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის, ირანის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიცაა.