თურქეთი გაეროში იერუსალიმის სტატუსის უცვლელობაზე კენჭისყრის შედეგს მიესალმება

23:20, 21.12.2017

თურქეთი გაეროში იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს მიესალმება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცეს, რომ „ღირსება და სუვერენიტეტი არ იყიდება“.

Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქი მინისტრი წერს, რომ თურქეთი, პალესტინა და დანარჩენი თანაავტორები მადლობას უხდიან ყველა ქვეყანას, რომლებმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შემუშავებულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი.
კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდა 21 ქვეყნის წარმომადგენელი.

გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას 128 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ თურქეთისა და იემენის მიერ მომზადდა, თუმცა მისი თანაავტორი მოგვიანებით გაერო-ს წევრი 36 ქვეყანა გახდა.
კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.
„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი