თურქეთი და საქართველო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხდნენ
თურქეთი და საქართველო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი კოორდინირებული საქმიანობის საკითხები განიხილა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერან ოზგანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე განხილული იქნა ის ღონისძიებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა მიმართავს დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

აღინიშნა ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა. მაღალი შეფასება მიეცა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტრო ავრცელებს.