თურქეთი და რუსეთი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებზე შეთანხმდნენ
თურქეთი და რუსეთი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებზე შეთანხმდნენ

თურქეთი და რუსეთი სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმებას წინ უძღოდა ოთხდღიანი მოლაპარაკებები ანკარაში.

როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შეთანხმების მიხედვით, თურქეთი და რუსეთი სირიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალებზე ერთობლივ პატრულირებას 14 მარტიდან შეუდგებიან.

რუსი და თურქი სამხედროები ავტომაგისტრალ ემ-4-ის ორივე მხარეს უსაფრთხო დერეფანს მოაწყობენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რუსეთისა და თურქეთის შეთანხმების მიხედვით, თურქეთის სამეთვალყურეო პოსტები დარჩება იმ რაიონებში, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ასადის არმიის მიერ ალყაშია მოქცეული.

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა 5 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას იდლიბში სამხედრო მოქმედებების შეჩერების მიზნით თანამშრომლობაზე. ამას წინ უძღოდა სიტუაციის გამწვავება, რა დროსაც სირიის არმიისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის ავიაციის იერიშის შედეგად 30-ზე მეტი თურქი სამხედრო დაიღუპა. სულ გასულ თვეში იდლიბში სამხედრო მოქმედებებს 60 თურქი ჯარისკაცი შეეწირა.