თურქეთი და იტალია ევრო 2032-ის მასპინძლობას ერთად აპირებენ #1TVSPORT
თურქეთი და იტალია ევრო 2032-ის მასპინძლობას ერთად აპირებენ #1TVSPORT

უეფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებმა ევრო 2032-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით განაცხადები გააერთიანეს.

იტალიასა და თურქეთს კონტინენტის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადები ინდივიდუალურად ჰქონდათ შეტანილი, თუმცა ევრო 2032-ის ჩატარებას ახლა ერთად გეგმავენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სტადიონების მდგომარეობას შეაფასებს და ტურნირის მასპინძელს მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადებს. იტალიურ მედიაში უკვე იწერება, რომ 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება, ხოლო ფინალური – რომში.

ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება, 2028 წლის ტურნირის მასპინძლობაზე კი პრეტენზიას ერთობლივად გამოთქვამენ ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, უელსი და ირლანდია.

ევროპირველობა იტალიაში 1968 და 1980 წლებში გაიმართა, ევრო 2020-ზეც რომის ოლიმპიურმა სტადიონმა რამდენიმე მატჩი მიიღო.