თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებს
თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებს

თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე შეთანხმება იქნა მიღწეული ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელებთან.

თურქეთის არმია რეგიონში დროებითი და მუდმივი ბაზის ტერიტორიების გამაგრებას აგრძელებს. სამხედრო ავიაციის მიერ მხარდაჭერილი სახმელეთო ოპერაციის მიზანია ქურთი მებრძოლების პოზიციების განადგურება. ოპერაცია განხორციელდება საზღვრის მთელ პერიმეტრზე და ერაყის გარას რეგიონში, რომელიც ცნობილია გამოქვაბულებით. თურქეთის არმია გარას რეგიონის მუდმივი კონტროლის ქვეშ აღებას გეგმავს.

თურქული მედია წერს, რომ ერაყის საზღვარზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო ხაზი 378 კილომეტრის სიგრძეზე და 40 კილომეტრის სიღრმეში, ისე, როგორც ეს სირიაში მოხდა. ერაყის ცენტრალური მთავრობა და ერბილი, სავარაუდოდ, უზრუნველყოფენ სადაზვერვო მხარდაჭერას და მიიღებენ ზომებს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ სულეიმანიასა და სინჯარში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი აშშ-ში იმყოფებიან. ძირითადი საკითხები, რაზეც ფიდანმა და კალინმა ისაუბრეს, ერაყში განსახორციელებელი ოპერაციაა.