თურქეთი C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს რუსეთისგან 2019 წლის ივლისში მიიღებს
თურქეთი C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს რუსეთისგან 2019 წლის ივლისში მიიღებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამდივნოზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდება თურქეთისთვის 2020 წლის პირველ კვარტალში იგეგმებოდა. თუმცა, ანკარაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
„განვიხილეთ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. კერძოდ თურქეთისთვის C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, „ტრიუმფის“ მიწოდების კონტრაქტის განხორციელება. მივიღეთ გადაწყვეტილება დავაჩქაროთ ამ მაღალეფექტიანი რუსული თავდაცვითი კომპლექსების მიწოდება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამას გარდა, პუტინმა და ერდოღანმა თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. სადგურს კომპანია „როსატომი“ ააშენებს. მისი ღირებულება 20 მილიარდი დოლარია. როგორც ერდოღანმა სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე განაცხადა, ატომური ელექტროსადგური თურქეთის ენერგომოთხოვნების 10%-ს დააკმაყოფილებს.
პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობა იყო, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.