თურქეთი ავღანეთის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს
თურქეთი ავღანეთის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს

თურქეთი ავღანეთის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს. ავღანეთის საკითხისადმი მიძღვნილი სამიტი 24 აპრილიდან 4 მაისამდე გაიმართება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობა და მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. თუმცა თალიბების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მათ აღნიშნული თარიღი ჯერ არ დაუდასტურებიათ და მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები.

მანამდე „თალიბანმა“ უარი განაცხადა თურქეთში თავდაპირველად 16 აპრილისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დასწრება.

ავღანეთის საკითხზე სამიტში მონაწილეობას მიიღებენ გაერო-სა და ყატარის წარმომადგენლები.

„როიტერის“ ცნობით, მიწვეულია 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ირანი და ავღანეთის სხვა მეზობლები.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას 11 სექტემბრისთვის გეგმავს. ჯერ უცნობია, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თალიბების პოზიცია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უცხოურ ძალებს ავღანეთი 2021 წლის მაისისთვის უნდა დაეტოვებინათ.

დატოვე კომენტარი