თურქეთ-სირიის საზღვართან სირიელი ლტოლვილები დახმარებას ითხოვენ [ფოტო]
თურქეთ-სირიის საზღვართან სირიელი ლტოლვილები დახმარებას ითხოვენ [ფოტო]

თურქეთ-სირიის საზღვართან სირიელი ლტოლვილები დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი კონფლიქტის ზონიდან იუწყება.

სირიელი ლტოლვილები სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა ლტოლვილმა განუცხადა, წარმოუდგენელია, რაც სირიაში ყოველდღიურად ხდება.

„დახმარებას ვითხოვთ. სირიიდან ჩამოვედით. შეხედეთ ჩემს ფეხს. სახლიდან გამოვედი და ეზოში ნაღმზე ავფეთქდი. საბედნიეროდ, ჩემი შვილები გადარჩნენ. წარმოუდგენელია, რაც სირიაში ყოველდღიურად ხდება. მშვიდობიანი მოსახლეობა ყველას დავავიწყდით. ყველას გთხოვთ დახმარებას. მე და ჩემმა ოჯახმა მოვახერხეთ აქ გადმოსვლა, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. სირიაში ადამიანები იღუპებიან. დაგვეხმარეთ. ნახეთ, რა მჭირს ფეხზე. მე გამიმართლა, გადავრჩი და არ მოვკვდი. წარმოიდგინეთ, საკუთარ ეზოში ავფეთქდი“, – განაცხადა ლტოლვილმა.

​ამასთან, მისი მეუღლის განცხადებით, შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ.

„დახმარებას ვითხოვთ. რვა შვილის დედა ვარ. ნახეთ, რა მდგომარეობაში ვართ. ჩემი ქმარი ნაღმზე აფეთქდა. ექიმი გვჭირდება. ბავშვებს საჭმელი სჭირდებათ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სირიელმა ლტოლვილმა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.

კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. მობილიზებულია საერთაშორისო მედია. ადგილზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფიც. თურქეთ-სირიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მუშაობენ ლიკა ალელიშვილი, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე.

დატოვე კომენტარი