თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებისას ოპერატიულ-ტაქტიკური „ისკანდერის“ და „ტოჩკა-უს“ რაკეტების განეიტრალების სცენარები მუშავდება
თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებისას ოპერატიულ-ტაქტიკური „ისკანდერის“ და „ტოჩკა-უს“ რაკეტების განეიტრალების სცენარები მუშავდება

თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნების დროს ოპერატიულ-ტაქტიკური „ისკანდერის“ და „ტოჩკა-უს“ რაკეტების განეიტრალების სცენარები მუშავდება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“-ის ფარგლებში ორი მოკავშირე ქვეყნის არმიის ქვედანაყოფებმა გახსნეს უსაფრთხო გადასასვლელები დანაღმულ ზონაში, დაიკავეს იმიტირებული მტრის თავდაცვის ხაზი და მის ზურგში ჩასვეს საჰაერო სადესანტო ძალები.

ასევე, შემუშავდა „ისკანდერის“ და „ტოჩკა-უს“ სარაკეტო სისტემების „ბაირაქტარის“ თვითმფრინავებით განადგურების სცენარი. ჯერ კიდევ 44-დღიან ომამდე მოსკოვმა „ისკანდერის“ ერთი დივიზია (ოთხი ერთეული) გადასცა ერევანს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ-თურქეთის ერთობლივი წვრთნები ბაქოში, ნახჩევანსა და აზერბაიჯანის სხვა, მათ შორის გათავისუფლებულ რაიონებში ერთდროულად მიმდინარეობს.

საერთო ჯამში, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამი ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, 130 ერთეული ჯავშანტექნიკა, 100 ერთეული არტილერია, ოცზე მეტი საფრენი აპარატი, ასევე საინჟინრო აღჭურვილობა.

წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ასევე ჩაფრინდა თურქეთის საჰაერო ძალების „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავები.