ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობას ღია წერილით მიმართეს
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობას ღია წერილით მიმართეს

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში მათ წერილი ცოტა ხნის წინ შეიტანეს. წერილში ნათქვამია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22 იანვრის გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და მთვრობას 2021 წლის ტურიზმის აღდგენის საკუთარ ხედვას სთავაზობენ.

„თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რის წინაშეც გამკლავება გვიწევს პანდემიიდან და მის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ვეთანხმებით 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. გთავაზობთ ჩვენს ხედვას 2021 წლის ტურიზმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო გზებით.

აქვე დავძენთ, რომ ეს მინიმალური ნაბიჯები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის, ყველა ნაბიჯზე გვაქვს ხანგრძლივად ნაფიქრი და რეკომენდაციები მოძიებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების არსებული მაგალითებიდან, რაც უკვე მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც დადო. ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები:

1. ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა)

2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორების ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს, ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა, ა3) წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი). ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას);

გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის), შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი.

იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რაც ხელს შეუწყობს გამყვანი ტურიზმის აღდგენას (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას). დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე.

3. სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.

4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები, სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.

5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაცია; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია; სატრანსპორტო კომპანიები; ტუროპერატორები:კავკაზუს თრეველი; ლივინგ რუთს თრეველი; გეორგიკა თრაველი; ინსაით ჯორჯია; კონკორდ თრეველი; ეგზო ტური; ომნეს ტური; ექსპლორ ჯორჯია; იბერია ტურს პლიუსი; ჯორჯიან ჰოლიდეისი; ნოვა ტურსი;კლარკ ენდ რობინსონი.