ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის გეგმა მცირე სასტუმროების სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, საგარანტიო მექანიზმის გამოყენებასა და მარკეტინგულ მიმართულებას მოიცავს
ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის გეგმა მცირე სასტუმროების სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, საგარანტიო მექანიზმის გამოყენებასა და მარკეტინგულ მიმართულებას მოიცავს

ტურიზმის სექტროში გამოწვევების დასაძლევად ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა მთავარ აქცენტს მცირე ზომის, საოჯახო ტიპის სასტუმროებზე აკეთებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა ფართოდ გააცნეს სხვადასხვა ბიზნესჯგუფს და ის კონკრეტულ ღონისძიებებს რამდენიმე მიმართულებით მოიცავს.

„ჩვენი გეგმა, რაც ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად იქნა შეთავაზებული და გაცხადებული, ნამდვილად მთავარ აქცენტს აკეთებს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე, რადგან ეს არის ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ მყოფი სექტორი და ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ თანადგომა. გეგმა ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე ბიზნესის მხრიდან გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც ფინანსურ ვალდებულებებს, სესხებს უკავშირდება.

„ეს ტვირთად აწევთ სასტუმროებს, განსაკუთრებით მცირე, ასევე საოჯახო სასტუმროებს. აღნიშნული სესხების მომსახურების მთავარი წყარო არის შემოსავალი, რომლის მოლოდინიც ამ სეზონზე ჰქონდათ, მაგრამ შექმნილი გამოწვევის გამო, ვეღარ იქნება მოსალოდნელი ოდენობით. აქედან გამომდინარე პირველი და მთავარი, რაც იქნა შეთავაზებული, ეს არის მცირე სასტუმროებისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით უწყება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კონკრეტულ კრიტერიუმებზე მუშაობს. ამასთან გამოყენებული იქნება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებით არსებული მომსახურება.

„მეორე საკითხი შეეხება შემთხვევებს, როდესაც კონკრეტულ ტურისტულ ბიზნესებს, სასტუმროებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს გაფართოება ან ახალი ობიექტის შექმნა სურთ და მიმართეს ბანკებს, მაგრამ იმის გამო, რომ გამოწვევის წინაშე დადგა ეს ინდუსტრია, შეიძლება, უფრო მეტ დროსა და მეტ რისკებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი. საკრედიტო-საგარანტიო სქემა, მთლიანად იქნება ორიენტირებული ამ ტიპის ბიზნესებზე და მათ მოემსახურება იმ თვალსაზრისით, რომ დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს, რათა არ გაჩერდეს არამხოლოდ არსებული ბიზნესები, არამედ მათი გაფართოება და პერსპექტიული პროექტები დაფინანსდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი განმარტავს, რომ გეგმის მესამე ნაწილი მარკეტინგული მიმართულება.

„ამ მიმართულებით წელს ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული საქართველოს პოზიციონირებაზე გლობალური პლატფორმების მეშვეობით, გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები – „სიენენთან“, „ბლუმბერგთან“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“, ვსაუბრობთ „გუგლთან“ და ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად გატანილი საქართველოს შესახებ ინფორმაცია, ცნობადობა. მათი წვდომის არეალში კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი, ტურისტული ბაზარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ამასთან ერთად, წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე ჟურნალისტის, ბლოგერის, ტუროპერატორის ჩამოყვანა საქართველოში და აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ტურისტული სექტორის სესხების თანადაფინანსების კრიტერიუმებზე ცალკე შეხვედრა გაიმართება და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.