ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით, სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა.

როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული​, უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო. სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.

„ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის მჭიდრო მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სთავაზობს სასტუმროში უსასყიდლოდ განთავსებას.

დღეის მდგომარეობით შემოსულია ასამდე მოთხოვნა სასტუმროში განთავსების მოთხოვნით. ახლა ჩვენ ვართ ერთერთ სასტუმროში სადაც მომლოცველების ჯგუფი განვათავსეთ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გახსნილი აქვს ცხელი ხაზი საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 0800800 909. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრები უკრაინელი ტურისტები ძალიან მალე მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა.