ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „Cavea სითი მოლის“ ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება გაიმართა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „Cavea სითი მოლის“ ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვებისთვის უფასო კინოჩვენება გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „Cavea სითი მოლის“ ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვებისთვის, „ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის უფასო კინოჩვენება გაიმართა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის კინოჩვენებას 100-მდე უკრაინელი ბავშვი მშობლებთან ერთად დაესწრო.

სტუმრებს „Cavea სითი მოლის“ წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„Cavea სითი მოლისა“ და ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა კიდევ ერთი გასართობი საღამო უკრაინელი ბავშვებისთვის. კერძო სექტორის დიდი მხარადჭერით ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავახალისოთ ისინი და ხელი შევუწყოთ მათ საქართველოში ყოფნის პერიოდში. დღევანდელი საღამოსთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „Cavea სითი მოლის“ თანამშრომლებს“, – აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.

უკრაინელი ტურისტი ტატიანა ტურინა მადლობას უხდის ტურიზმის ადმინისტრაციას.

„ჩვენ უკრაინელი ტურისტები ვართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყების დროს საქართველოში ვიმყოფებოდით. მადლობა გვიდა გადაგიხადოთ, რომ ასე ართობთ ჩვენს ბავშვებს, გვეპატიჟებით სხვადასხვა ღონისძიებებზე. ჩვენ ვიმყოფებოდით თეატრში, მთაწმინდის პარკში, სადაც ყველა ატრაქციონი იყო ბავშვებისთვის და ახლა დაგვპატიჟეს ჰარი პოტერის პრეზენტაციაზე საჩუქრებით და ლამაზი დეკორაციებით. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის“, – აცხადებს ტატიანა ტურინა.

„ჩვენ უკრაინიდან ვართ, უკვე თვეზე მეტია, აქ ვიმყოფებით, ჩვენი ბავშვებისთვის მუდმივად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რითაც ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და ახლაც ვიმყოფებით ფილმის პრეზენტაციაზე“, – აცხადებს უკრაინელი ტურისტი ირინა უჩინკა.

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 1-23 თებერვლის ჩათვლით ჩამოვიდნენ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლისთვის საჭირო სათანადო პირობებით.