ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, France 5 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, France 5 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის France 5-ის პოპულარულ სათავგადასავლო გადაცემას Echappées Belles უმასპინძლა.

ექვსკაციანმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში იმოგზაურა, ორკვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში ტელეკომპანია France 5-ის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიას და ქუთაისს ეწვივნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.

ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 90 წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელიც ტელეკომპანია France 5-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. Echappées Belles-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

პრესტურის მიზანია საფრანგეთში საქართველოს კურორტების, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა.

France 5-ის გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოპულარულ ფრანგულ გამოცემას „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს უმასპინძლა. პრეს-ტურის შედეგად „ლე ფიგაროში“ საქართველოს შესახებ 10 გვერდიანი სტატია მომზადდება.

„ჩვენი მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის სათავგადასავლო ტურიზმი. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ საფრანგეთის წამყვანი ტელეკომპანია France 5-ის წარმომადგენლები, რომლებიც საათნახევრიან გადაცემას ამზადებენ საქართველოს შესახებ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე ჩვენი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების უკეთ პოზიციონირებისათვის“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„სანამ საქართველოში გამოვემგზავრებოდი თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვანი ბუნებით,მდიდარი კულტურით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურით, რეგიონებში მე ქართველ მეღვინეებს შევხვდი, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გაქვთ“, – ამბობს France-5-ის გადაცემის წამყვანი ჟერომ პიტორინი.