ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის 200-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია უკვე დახმარება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის 200-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია უკვე დახმარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია უკრაინის 200-ზე მეტ მოქალაქეს.

მათივე ცნობით, უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

„ჩვენ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, დიდი ხანია, ვგეგმავით შევბულებას და უეცრად მოვლენები ასე განვითარდა. ძალიან მადობლები ვართ ქართველი ხალხის. ჩვენ ყველაფერში გვიდგანან გვერდით, როგორც მორალურად, ასევე ჩვენს მთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. განგვათავსეს სასტურმოში, გვეხმიანებიან ყველა სამთავრობო უწყებებიდან, უბრალო ხალხი. ძალიან მადლობლები ვართ ქართველი ხალხის, თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – განაცხადა უკრაინელმა ტურისტმა, ვლადიმირ ზაიკამ.

ტურისტები ამბობენ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ მათ დიდი დახმარება გაუწიათ.

„ტურიზმის ადმინისტრაციამ უდიდესი დახმარება გაგვიწია. უზრუნველგვყო საცხოვრებლით, ჩვენ ფაქტობრივად ფულის გარეშე, ელემეტარული შესაძლებლობების გარეშე და ჩვენი ახლობლების დახმარების გარეშე დავრჩით. თქვენი თანადგომა ძალიან გვეხმარება. დიდად მადლობლები ვართ“, – ამბობს ილონა ზაიკა.

ამასთან, ტურისტები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

„ხალხი ისე თბილად გვექცევა საქართველოში, უბრალოდ ქუჩაში მოდიოდნენ უცნობი ქართველები და გვეკითხებოდნენ, რაიმე დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. საქართველოს მთავრობამ გვიპოვა საცხოვრებელიც, რამდენიმე ვარიანტიც შემოგვთავაზეს, არჩევის საშუალებაც გვქონდა და თბილისში დაბინავება გადავწყვიტეთ, მაინც საელჩოსთან ახლოს ვიქნებით. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თქვენი დახმარებით უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს“, – ამბობს დარია პალტოვსკა.

უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.

პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან.