ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბალკანეთის ქვეყნებში გაეცნობიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბალკანეთის ქვეყნებში გაეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს შესახებ ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის (UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, insajder) ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ.

პრესტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით გარეჯს, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ. მედიის წარმომადგენლები კატარღით გაისეირნებენ პალიასტომის ტბაზე და ზიპლაინით დაეშვებიან დაშბაშის კანიონზე. სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკოტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.

„სადაც უნდა ვიმოგზაურო, მუდამ საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ქართველ ხალხზე ვსაუბრობ და ყველას, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნები, ეწვიონ საქართველოს. ჩვენ ვამზადებთ გადაცემას კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ტურისტი იმოგზაურებს ბალკანეთის ქვეყნებიდან საქართველოში. რამდენიმე თვის წინ სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ იდეამდე მივედით, რომ საქართველოს შესახებ სამოგზაურო გადაცემა მოგვემზადებინა. საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გვეხმარება გადაღებების ორგანიზებაში. ვფიქრობ, ჩვენი გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს გადამღები ჯგუფის წევრი მარკო მილიშევიჩი.

„მსახიობი ვარ სერბეთიდან. პირველად ჩამოვედი საქართველოში, რათა გადაცემა მოვამზადოთ ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ. ეს ჩემი პირველი დღეა და ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ, ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს“, – ამბობს მსახიობი გორიცა რეგორდიჩი.

საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.