ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ძველი თბილისი ტურისტულ რიტმს უბრუნდება, ბოლო პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ძველი თბილისი ტურისტულ რიტმს უბრუნდება, ბოლო პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს

ძველი თბილისი ტურისტულ რიტმს უბრუნდება, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივებისა და ავიარეისების აღდგენის შემდეგ ბოლო პერიოდში სულ უფრო მატულობს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე განმარტებით, მეზობელ ქვეყნებთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ასევე  სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის სტუმრობისას ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, სადაც მოგზაურობას მეგობრებს ურჩევენ.

„საქართველო აბსოლუტურად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, აქ არ არის პრობლემა, ისეირნო დღისით, ღამით. ჩვენს მეგობრებს აუცილებლად ვურჩევთ, რომ ეწვიონ ამ ძალიან ლამაზ ქვეყანას. ჩვენ საქართველოს შესახებ ბლოგს ვამზადებთ, რომელსაც ჩვენს მეგობრებს გავაცნობთ და გავუზიარებთ იმ შთაბეჭდილებებს, რომელიც საქართველოში მივიღეთ. ჩვენ ძალიან მოგვწონს აქაური ხალხი, ისინი ძალიან კეთილები არიან და ცდილობენ, დაგეხმარონ. ჩვენ ცოტა ქართულიც კი ვისწავლეთ“, – ამბობენ ანჯელიკა და ბრუნო ჰარცმანები ავსტრიიდან.

ერთ-ერთი ტურისტის, პაულო დე ლუკას განცხადებით, საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არავის, არასდროს უთქვამს, რომ რაიმე პრობლემაა. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია, ძალიან ღია, ძალიან კეთილი და თბილი ხალხია და ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა“, – აცხადებს პაულო დე ლუკა იტალიიდან.

„ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს დუბაიში, რომლებიც საქართველოში ნამყოფები იყვნენ და მათ გვითხრეს, რომ საქართველო ძალიან უსაფრთხო და კარგი მიმართულებაა, სადაც თავისუფლად გრძნობ თავს. ჩვენ ყველას გავუწევთ რეკომენდაციას, რომ საქართველოს ესტუმრონ. აქ ძალიან კარგი და მეგობრული ხალხია, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში“, – აღნიშნავენ დომენიკი და ალი დუბაიდან.