ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა
2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, დაფიქსირდა 4.6%-იანი ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე და 4.2%-იან ზრდას გულისხმობს.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.
„განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%, ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +26.3% და სხვა.
2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +4.8%).
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.