ტურიზმის ადმინისტრაცია - ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის მარტი გამოწვევებით იქნება სავსე
ტურიზმის ადმინისტრაცია - ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის მარტი გამოწვევებით იქნება სავსე

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტი გამოწვევებით იქნება სავსე, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ახალმა კორონავირუსმა გავლენა უკვე იქონია ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა თებერვლის ბოლოდან, რაც ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე მსოფლიოს მასშტაბით.

„საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 პროცენტი. წლიურმა დანაკლისმა კი, შესაძლოა 13 პროცენტს მიაღწიოს, რაც ჯამში საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს. საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში“, – აღნიშნავს უწყება.

ადმინსიტრაცია გეგმავს, რომ სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით მარკეტინგული კამპანიების ინტენსივობა გაზარდოს.

ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში: სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებში, აეროპორტებში, საბაჟო-ტერმინალებსა და ა.შ. მკაცრად მოწმდება ქვეყანაში შემოსული როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქე; მიმდინარეობს მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში.

„ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 547 შეადგინა, რაც 9 842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე. ამასთან, თებერვალში საქართველოში 466 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ამ შემთხვევაში კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობა კი 386 859-ია – წინა წლის იგივე პერიოდზე 0.6-ით ნაკლები. ამასთან, იგივე მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან ვიზიტორთა მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველომ ჩინეთთან  და ირანთან პირდაპირი საჰარეო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა. ამასთან, ფრენები ამ ეტაპზე არ შეჩერებულა იტალიასთან, თუმცა, რამდენიმე ავიაკომპანიამ რეისები თავად შეამცირა.